,,ევროკავშირთან მეტი ინტეგრაცია იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისთვის”

მეტი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისთვისაც, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ”თაიმერს” სამინისტროს აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველო მეტად ინტეგრირებული ხდება ევროკავშირთან.

”გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს დამსახურებულად მიანიჭებს ბიომეტრული პასპორტებით უვიზო მიმოსვლის უფლებას უახლოეს მომავალში. ეს წარმატება კიდევ მეტად გაზრდის საქართველოს მიმართ ნდობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში. მეტი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისთვისაც, როგორც ნიშანი, იმისა, თუ როგორ მომავალს ვთავაზობთ მათ, კონკრეტულად რა ხელშესახებ სარგებელს სთავაზობს მათ ევროპული პერსპექტივა, იქნება ეს უკეთესი განათლების, ჯანდაცვის, გადაადგილების, თუ სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების მიმართულებები“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს ევროინტეგრაციის ყველა სარგებელს, ყველა იმ ვალდებულების, პირობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რაზეც ქართულ მხარეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

პაატა ზაქარეიშვილმა ასევე ისაუბრა ქართულ-აფხაზურ და ქართულ ოსურ ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ ”პირდაპირი, ორმხრივი დიალოგის წარმართვის მიმართულებით ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი დინამიკა, რომლისკენაც მივისწრაფვით”.

”ამას, სამწუხაროდ ხელი ეშლება იმ ძალების მხრიდან, ვინც დაინტერესებულია კონფლიქტის შენარჩუნებითა და ხალხთა შორის ურთიერთობების ხელის შეშლით, თუმცა, ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩართულობის პოლიტიკას. კერძოდ, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საარქივო მასალების გაცვლის/გადაცემის, გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობის მიმართულებებით. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მიმდინარე წლის მარტში – ორმხრივი მოლაპარაკებების საშუალებითა და ჟენევის ფორმატის გამოყენებით მოვახერხეთ გრძელვადიანი პატიმრების გათავისუფლება. ასევე, წარმატებულია წითელი ჯვრის ფასილიტაციით ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დაღუპულ და დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების და გვამების გაცვლის და გადმოსვენების საკითხში. ამას აქვს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ადამიანური მნიშვნელობა არა მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისთვის, არამედ სამშვიდობო პროცესისთვისაც“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა 25-26 აპრილს გაიმართა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლეები ობიექტურები იქნებიან და ურთმელიძებრთა ოჯახში არ ჩაეწერებიან
შემდეგი სტატია,, საარჩევნო პერიოდის მაისში დაწყებით ცესკოს დაახლოებით 5 მილიონი ლარით მეტი დასჭირდება”