ევროკავშირთან დიალოგი, სავარაუდოდ, შს მინისტრის სანქცირებული მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის გამო ჩაიშალა.
გეკა გელაძის მოადგილეს ნოემბრის სისხლიანი მოვლენების გამო დიდმა ბრიტანეთმა და ბალტიის ქვეყნებმა დაასანქცირეს, “ქართულმა ოცნებამ” კი ადამიანების წამების გამო სანქცირებული ჩინოვნიკი ევროკავშირთან, ადამიანების უფლებების შესახებ სალაპარაკოდ დელეგაციის შემადგენლობაში ჩასვა. სავარაუდოდ, სწორედ ამას მოყვა ბრიუსელის დემარში.
სკანდალში გახვეული გელაძის მოადგილე ცოტა ხნის წინ პარლამენტში გამოჩნდა – “პირველებმა” ალექსანდრე დარახველიძეს ჰკითა, ჩაიშალა თუ არა მის გამო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო.
დარახველიძემ ინფორმაცია არ უარყო, თუმცა არც კითვხვებს უპასუხა, თქვა მხოლოდ ის, რომ კომენტარს კომიტეტის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ცნობისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა – ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიას ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.
დღეს “ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ “ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები.”



















