,,ევროკავშირში მიმდინარეობს დებატები გაერთიანების მომავალზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დებატებში საქართველოც მონაწილეობდეს”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც მონაწილეობდეს დებატებში ევროკავშირის მომავლის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ევროკავშირში მიდის დებატები გაერთიანების მომავალზე, ინტეგრაციის საკითხებზე, გაფართოებაზე. ეს დებატები ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. ევროკომისიისთვის და ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც მონაწილეობდეს ამ დებატებში”,- განაცხადა ჰერმანმა.

ელჩმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობაზეც და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ვალდებულებაა არა მარტო დაინახოს, არამედ აღიაროს ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს.

“ამავე დროს უნდა ვიფიქროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ფიქრს იმაზე, რა გავაკეთეთ, რას მივაღწიეთ და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში”,- აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშისიონში წირვას დღეს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი გამოეხმაურა