ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ევროკავშირმა პროექტის განმახორციელებელ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად შსს სასაზღვრო პოლიციას 30 მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადასცა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ავტომანქანები წარმოადგენენ უფრო დიდი 40-ერთეულიანი პაკეტის ნაწილს, რომლის დანარჩენი 10-ის გადაცემა 2020 წლის ნოემბერში უკვე განხორციელდა. ეს სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს საზღვრებზე უკანონო აქტივობების გამოვლენას და გააძლიერებს მესაზღვრეების პატრულირებისა და რეაგირების შესაძლებლობებს.

მათივე ინფორმაციით, IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის თქმით „დღევანდელი ღონისძიება არის იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების პროცესის გაგრძელება, რომელსაც IOM ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ბოლო 10 წლის მანძილზე ახორციელებს”.

„ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული ავტომანქანები საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

აღნიშნული პროექტი, რომლის ბიუჯეტია 6 მილიონი ევრო (24 მილიონი ლარი), წარმოადგენს უფრო ფართო – ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს. უკანასკნელ წლებში, ევროკავშირის მიერ დიდი დახმარება იქნა გაწეული საქართველოსთვის მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში და აღნიშნული საშუალებების გადაცემას ასევე მოჰყვება მნიშვნელოვანი შესყიდვები და სასწავლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის სასამართლომ რუსეთის პატრიარქი კირილი კგბ-ს აგენტად აღიარა
შემდეგი სტატიადანიელსონის დოკუმენტზე “ოცნების” ხელმოწერას ევროპარლამენტში ეხმაურებიან