ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც 106 ფიზიკურ და 88 იურიდიულ პირს მოიცავს.

სანქციები ძირითადად მოიცავს სამხედრო და თავდაცვის სექტორებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის მათ, ვინც ჩართულია ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში, უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და სხვა.

დასანქცირებულები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის სახსრები ხელმისაწვდომი გახადონ. ფიზიკური პირები დამატებით ექვემდებარებიან მოგზაურობის აკრძალვას, რაც ხელს უშლის მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ან ტრანზიტს.

საბჭომ 27 ახალი სუბიექტი დაამატა იმ სიაში, ვინც უშუალოდ უჭერს მხარს რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიულ კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.

ისინი ექვემდებარებიან უფრო მკაცრ საექსპორტო შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე, ისევე როგორც საქონელსა და ტექნოლოგიაზე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას.

ორგანიზაციების ნაწილი განლაგებულია მესამე ქვეყნებში – ინდოეთი, შრი-ლანკა, ჩინეთი, სერბეთი, ყაზახეთი, ტაილანდი და თურქეთი და “მონაწილეობდნენ სავაჭრო შეზღუდვების გვერდის ავლაში”. სიაში, რა თქმა უნდა, მოხვდნენ რუსული სუბიექტებიც.

დღევანდელი გადაწყვეტილება აფართოებს შეზღუდული საგნების ჩამონათვალს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებასა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას.

და ბოლოს, ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შეზღუდვები საქონლის ექსპორტზე, რაც ხელს უწყობს რუსეთის სამრეწველო შესაძლებლობების გაძლიერებას, როგორიცაა ელექტრო ტრანსფორმატორები.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ძალიან არასწორად გათვალა – ბაიდენი
შემდეგი სტატიაფიშერი – წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება