ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი, მე-17 სანქციების პაკეტი მიიღო (დარჩა ორი ქვეყანა, რომლებმაც ეს პაკეტი ჯერ კიდევ თავიანთი ქვეყნის პარლამენტში უნდა დაამტკიცონ). სანქციები დაარტყამს რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს” და ის ეხება 200-ზე მეტ ხომალდს, ტანკერების ჩათვლით. სიაში დამატებით შესულია 30 ფირმა, რომლებიც ჩართული იყვნენ სანქციების გვერდის ავლით ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობაში. ამას გარდა, სანქციები შეეხება 75 ადამიანსა და კომპანიას, რომლებიც უკავშირდება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.
“მივესალმები ჩვენს მე-17 სასანქციო პაკეტზე შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ რუსეთის ენერგოექსპორტის შესაზღუდად დავამატეთ რუსეთის 189 ერთეული ჩრდილოვანი ფლოტის სატრანსპორტო ხომალდი. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიერმა.
Coreper-მა ასევე განიხილა სამომავლოდ ე.წ. ჰიბრიდული სანქციების დაწესების საკითხი. ამ სანქციების დაწესების საფუძველი, შესაძლოა, გახდნენ ის პირები, რომლებიც წყალქვეშა კაბელების დაზიანების, საკვანძო საკომუნიკაციო სერვერების გათიშვასთან არიან დაკავშირებული.
გაფართოვდა ე.წ. ნავალნისა და ყარა-მურზას სიები, მათ დაემატა 20-მდე რუსი პროკურორი და მოსამართლე.