ევროკავშირმა მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში – ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

დოკუმენტში დადასტურებულია კონფლიქტის მოგვარების, ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი მტკიცე ერთგულება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი მხარდაჭერა, მათ შორის, ეს შეეხება მომავალ, მე-60 რაუნდს, რომელიც სრულყოფილად მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან (IPRMs) ერთად, უმნიშვნელოვანესია 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით.

„ევროკავშირმა და საქართველომ შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ინტეგრაციისკენ, რაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საბჭომ დაგმო საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების მიერ საქართველოს სამოქალაქო პირის, თამაზ გინტურის, მკვლელობა. ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დარღვევებისა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გამო“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

„მათ შორის, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ დაადასტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის ვალდებულება.
ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლს და, მანდატის შესაბამისად, მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას.
ასოცირების საბჭომ კვლავ აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება, რომლებმაც დაადასტურეს რუსეთის, როგორც საქართველოს რეგიონებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერის გაძლიერებისა და ნდობის აღდგენის ზომების გაზრდის მნიშვნელობა, ასევე დაადასტურა შერიგებისა და ჩართულობისკენ მიმართული ძალისხმევისადმი მხარდაჭერა“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ცნობისთვის, ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს მაღალჩინოსნებთან მართავს შეხვედრებს.

banner
წინა სტატიაშიასოცირების საბჭო: „Roam like at Home” – მივესალმებით საქართველოს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციას
შემდეგი სტატიაგვარამია გახარიების ჰეშთეგზე “#ნუ გვეტენებით”: გახარია კედლებს ეჩხუბება