ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი, პერსონალური სანქციები დააწესა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემაკავებელი ზომების კიდევ 28 ადამიანის წინააღმდეგ დაწესების შესახებ ბელარუსში შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი როლის გამო.

საბჭოს ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის ორი მოადგილე, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, კერძოდ პროკურორები და ბევრი მოსამართლე, „რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი გამოიტანეს, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ ან ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მოსაზრებას გამოხატავდნენ“.

ამასთან, სანქციები დაუწესდათ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA-ს გენერალურ დირექტორს, ირინა აკულოვიჩს, სატელევიზიო არხ STV-ის გადაცემა “სენატის” წამყვანს და ბელარუსის ეროვნულ ასამბლეაში ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკიტა რაჩილოვსკის.

სასანქციო სიაში მყოფი პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის სახსრების გამოყოფა. სანქციები ასევე ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვას ფიზიკური პირებისთვის, რაც მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის უფლებას უზღუდავს.

ამჟამად, ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავი ზომები, მთლიანობაში, 261 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – რომ შესრულდეს ის, რისი სურვილიც უცხოურ ძალას აქვს, ლუგარის ლაბორატორია კი არა, ყველაფერი უკან მოგვრჩება
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც განუწესა ქართულმა მართლმსაჯულებამ