ევროკავშირმა სანქციების სიაში რუსეთის 6 მოქალაქე შეიყვანა, რომლებიც ალექსეი ნავალნის მკვლელობასა და ქიმიური იარაღის შემუშავებაში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირები სამხედრო სფეროს მეცნიერები და მკვლევრები არიან, რომლებიც მუშაობდნენ ტოქსინ „ეპიბატიდინის“ ქიმიურ იარაღად განვითარებაზე. სწორედ ეს ნივთიერება აღმოაჩინეს ოპოზიციონერის სხეულიდან აღებულ ნიმუშებში.
სანქცირებულთა შორის არიან სამეცნიერო ცენტრ „სიგნალის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი იგორ ბაბკინი, რუსეთის ქიმიური იარაღის პროგრამის ცენტრალური ნაწილის ანალიტიკოსი ირინა დერევიაგინა და რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სამხედრო აკადემიის განყოფილების უფროსი მიხაილ გუცალიუკი.
სანქციების ფარგლებში, აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეყინებათ აქტივები, ეკრძალებათ ფინანსური რესურსების მიღება და იზღუდება მათი ევროკავშირში შესვლა.
2026 წლის 14 თებერვალს 5 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები) საგარეო უწყებებმა ერთობლივად დაადასტურეს, რომ ნავალნი ციხეში სასიკვდილო ტოქსინით — ეპიბატიდინით მოწამლეს. ეს არის სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის კანიდან მიღებული ძლიერ ტოქსიკური ნივთიერება, რომლის არსებობაც პოლიტიკოსის ორგანიზმში ლაბორატორიულმა ანალიზებმა საბოლოოდ დაამტკიცა.

















