ევროკავშირისთვის მთავარია პუნქტების აღსრულება, ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ოპოზიციაზე და მით უმეტეს რადიკალურ„ენჯეოებზე“, პროცესში ჩართვა მათი პასუხისმგებლობაა – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ დაასაბუთა, რა საჭიროა პარლამენტში რიგგარეშე სხდომების მოწვევა და რა საკითხები უნდა განიხილონ.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პუნქტების შესრულებას პარლამენტის, უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, მმართველმა გუნდმა რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოადგინა გეგმა, რაც ოპოზიციისთვის საბოტაჟის საბაბსაც კი არ ტოვებს.

„დღემდე ვერაფრით დაასაბუთეს, რა საჭიროა რიგგარეშე სხდომების მოწვევა, რა საკითხები უნდა იყოს განხილული, თუ ისე, ზეპირად ითხოვენ ამის გაკეთებას? – 12 პუნქტის განხორციელებას სჭირდება პარლამენტის, უმრავლესობის მხარდაჭერა. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილია დეტალურად გაწერილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებელ სუბიექტებს და კონკრეტულ ვადებს კანონპროექტების ინიცირებისა და მიღებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადია. ასეთ დროს, ობიექტურად არავითარი საბაბიც კი არ რჩება საბოტაჟისთვის, თუმცა ესენი აქაც კი ახერხებენ პროცესისა და ევროინტეგრაციის საბოტაჟს. საბოტაჟი უნდათ, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ძალიან მარტივ სუბიექტურ ინტერესებამდე დადის ოპოზიცია, მათი გათვლა ძალიან მარტივია – თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამ შემთხვევაში, ქულებს დაიწერს ხელისუფლება, თუ ვერ მიიღებს, ქულებს დაიწერს ოპოზიცია და მათ ექნებათ პოლარიზაციის გაღვივების გარკვეული შანსი. აქედან გამომდინარე მათ აქვთ ანტისახელმწიფოებრივი, მაგრამ სუბიექტური პარტიული ინტერესი, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ევროინტეგრაციის საბოტაჟიც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება.

დასავლელი პარტნიორების სახელით, განსაკუთრებით, გიორგი ვაშაძე და არა მარტო ის, ქართველ ხალხს ემუქრებიან ხელისუფლების გადატრიალებით. კარგი იქნებოდა, ამაზე ყველას მხრიდან რეაგირება. ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის გაგრძელებაა, როცა ქართველ ხალხს ემუქრები და თან სხვისი სახელით ხელისუფლების გადატრიალებით, ანუ, მის მიერ არჩეული ხელისუფლების გადატრიალებით. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ბოლომდე მოვიყვანოთ პროცესი, რასაც 12 პუნქტის შესრულება ჰქვია. ევროკავშირისთვის მთავარია იმ პუნქტების აღსრულება, რომელიც გაწერილია. რა ფორმით მოხდება, ალბათ ეს უნდა იყოს მეორეხარისხოვანი. მთავარია, შედეგი. ბუნებრივია, ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ოპოზიციაზე და მით უმეტეს „ენჯეოებზე“, რადიკალურ „ენჯეოებზე“. მათი პასუხისმგებლობაა, ჩაერთვებიან თუ არა პროცესში. რაც მთავარია, ჩვენ ყველაფერი დავაზღვიეთ და საბაბიც კი არ დავტოვეთ იმისთვის, რომ ისინი ამ პროცესში არ ჩაერთონ, მათ შორის დეტალური გეგმა წარვადგინეთ. დანარჩენი მათი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიადვილი გამოსაცნობია ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი – რადგან ამერიკა ჩვენი მტერია, რუსეთს უნდა შევუერთდეთ – ოქრიაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინას ქერჩის ხიდზე თავდასხმით კრემლისთვის დამანგრეველი დარტყმის მიყენება შეუძლია – ფილიპ ბრიდლავი