ევროკავშირის სტატუსზე ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს უფლება, იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ – ზურაბიშვილი

მე თუ გამოვედი სიტყვით და გამოვედი აქ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მთლად ასეთი ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს იმ შედეგებთან მიმართებით, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები.

„ხვალინდელი რეკომენდაციები ალბათ გვაჩვენებს, რა მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი. ცხადია, ეს პირველ რიგში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დღეს მე აქ ვარ რიგითი მოქალაქე, არ ვარ საქართველოს პრეზიდენტი. ზოჯერ უნდა ვისწავლოთ, რომ მოქალაქეობრივი ვალი არის თავისუფლად აზრის გამოხატვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა: „როგორ შეაფასებდით, რომ რეზოლუციაში აშკარა მოწოდებაა თქვენ მიმართ, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოთ“.

„მე არავინ არ მომიწოდებს რეზოლუციით. პრეზიდენტის დისკრეცია იმას ნიშნავს, რომ არავინ არ შეიძლება, მოუწოდოს და რაც მეტი მოწოდებაა ან ზეწოლა, რაც ხდება ამ ქვეყანაში, ეს არ უწყობს ხელს, რომ პრეზიდენტმა თავისი დისკრეცია გამოიყენოს ამ ფორმით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე: „პოლიტპატიმრების ნაწილში, შეგეძლოთ თუ არა, რომ ქვეყანაში რეალობა შეგეცვალათ და ეს არ გააკეთეთ“, პრეზიდენტმა განაცხადა: „არა, რადგან გადაწყვეტილებები, რაც იქნება ხვალ მიღებული, მიღებული იქნება იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ ბოლო წელს. გაგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ვიყავით პეტრაში, ვიყავით ბათუმში, სადაც ჩვენ, მე ჩამოვიყვანე შარლ მიშელი, ზელენსკი, მაია სანდუ და ამ ტრიოს წამყვანი ძალა ვიყავით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი არ ირჩევს ვის და როდის დაემუქროს, აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ აგრესიაა – ზელენსკი ლიდერებს
შემდეგი სტატიაგერმანია მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას, იგივე ვრცელდება მოლდოვაზეც – შოლცი