22 სექტემბერს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციები ერთბაშად სამი წლით გაახანგრძლივა. აქამდე აღნიშნული შეზღუდვები ყოველ ექვს თვეში ერთხელ განახლებას საჭიროებდა, თუმცა გადაწყვეტილებას მოჰყვა მნიშვნელოვანი ცვლილებაც — სანქცირებულთა სიიდან ამოიღეს რუსი მილიარდერები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი.
ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ლატვია არ დაეთანხმა და ორივე ბიზნესმენის წინააღმდეგ ეროვნული სანქციები დააწესა. მსგავსი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს ესტონეთიც.
ევროკავშირის შიგნით მიღწეულმა შეთანხმებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კითხვები გააჩინა. კრიტიკოსების შეფასებით, გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც სანქციების გაუქმება შესაძლოა პოლიტიკური მოლაპარაკებების, სამართლებრივი ზეწოლისა და სახელმწიფოთა შორის გარიგებების შედეგად გახდეს შესაძლებელი.
როგორ მოხვდა უსმანოვის საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში
უსმანოვის სანქცირებული სიიდან ამოღებას სხვადასხვა ქვეყანა რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა. უზბეკეთი ამ საკითხს 2022 წლიდან აყენებდა, მოგვიანებით კი მას უნგრეთიც შეუერთდა.
2025 წელს ევროკავშირმა სანქციები უსმანოვის დის, გულბახორ ისმაილოვას მიმართაც გააუქმა. 2026 წლის გაზაფხულზე კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უსმანოვის საკითხი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან კომუნიკაციისას დააყენა. ამის შემდეგ სლოვაკეთმა ევროკავშირისგან როგორც უსმანოვის, ისე ფრიდმანის სანქციებიდან ამოღება მოითხოვა.
უსმანოვის საკითხზე გადამწყვეტი აღმოჩნდა საფრანგეთის პოზიცია. პარიზმა თავისი მოთხოვნა „ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით“ და საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით ახსნა.
თუმცა, რამდენიმე მედიასაშუალებამ საფრანგეთის პოზიცია აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს დაუკავშირა. Reuters, Euronews და „ევროპეისკაია პრავდა“ წერდნენ, რომ საკითხი შესაძლოა აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უკავშირდებოდეს.
ერთ-ერთი მათგანი, მარტინ რაიანი, ჯაშუშობის ბრალდებით ათი წლით იყო გასამართლებული. 23 სექტემბერს, ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იგი შეიწყალა.
საჯაროდ დადასტურებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც „უსმანოვის სანქციებიდან მოხსნა მარტინ რაიანის გათავისუფლების სანაცვლოდ მოხდა“ არ არსებობს. თუმცა, დიპლომატიური წყაროები ამ ორი საკითხის შესაძლო კავშირზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდეც მიუთითებდნენ.
რატომ აღმოჩნდა ფრიდმანი ამავე შეთანხმებაში
მიხაილ ფრიდმანის სანქციებიდან ამოღება ლუქსემბურგის მოთხოვნას უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა უსმანოვის საკითხი წამოჭრა, ლუქსემბურგმა მსგავსი გადაწყვეტილება ფრიდმანის შემთხვევაშიც მოითხოვა.
ამას დამატებითი კონტექსტი აქვს: ფრიდმანი ლუქსემბურგთან მნიშვნელოვან სამართლებრივ დავაში იმყოფება. მისი აქტივების გაყინვის გამო ბიზნესმენმა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა და დაახლოებით 16 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა.
რას ნიშნავს სანქციებიდან ამოღება ფინანსურად
სანქცირებული სიიდან პირის ამოღებას პირდაპირი ფინანსური შედეგები აქვს. ეს, როგორც წესი ნიშნავს ევროკავშირის მასშტაბით აქტივების გაყინვისა და ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვის გაუქმებას, თუკი კონკრეტული აქტივების დაბლოკვის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანი ხდება კითხვა, რომელი კონკრეტული აქტივები გახდება უსმანოვისა და ფრიდმანისთვის ხელმისაწვდომი და რა სამართლებრივი საფუძვლებით მოხდება მათი განბლოკვა.
კიდევ ვინ ამოიღეს სანქცირებული სიიდან
ევროკავშირის გადაწყვეტილება მხოლოდ უსმანოვსა და ფრიდმანს არ შეეხო. სიიდან ამოიღეს ყირიმის ფედერალური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ანდრეი ფალალეევი და მავრიკიული კომპანია Redbird Corporate Services.
მათი საქმეები, არსებული ინფორმაციით განსხვავებულ სამართლებრივ კონტექსტში ვითარდებოდა და უსმანოვისა და ფრიდმანის საკითხთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კომპრომისს პირდაპირ არ უკავშირდება.
ორივე მათგანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული სანქციები. ფალალეევი მის წინააღმდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების სამართლებრივ საფუძვლებს ასაჩივრებდა, ხოლო “Redbird Corporate Services” ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. კომპანია დაკავშირებული იყო იმ სუბიექტების მომსახურებასთან, რომლებიც რუსული ნავთობის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებით გადაზიდვაში მონაწილეობდნენ.
ევროკავშირის საბჭოს მათ სანქციებიდან ამოღების მიზეზები ცალკე არ განუმარტავს, თუმცა, არსებული გარემოებები მიუთითებს, რომ ამ ორ შემთხვევაში საკითხი უფრო სამართლებრივ გადახედვასა და სანქციების დაწესების დასაბუთებას უკავშირდებოდა, ვიდრე სახელმწიფოთა შორის პოლიტიკურ გარიგებას.
რა პრეცედენტს ქმნის ევროკავშირის გადაწყვეტილება
უსმანოვისა და ფრიდმანის საქმეებმა უკვე გააჩინა კითხვა, შეიძლება თუ არა მომავალში სხვა რუსმა ბიზნესმენებმაც ანალოგიურ სტრატეგიას მიმართონ — გაასაჩივრონ სანქციები სასამართლოში, გამოიყენონ პოლიტიკური კავშირები და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განსხვავებული პოზიციები.
ყველაზე სერიოზული გამოწვევა სანქციების სისტემისთვის იმ შემთხვევაში შეიქმნებოდა, თუ მსგავსი მიდგომა ინდივიდუალური შეზღუდვებიდან სექტორულ სანქციებზეც გავრცელდებოდა.
ინდივიდუალური სანქციები კონკრეტულ პირებსა და კომპანიებს ეხება, მაშინ როდესაც სექტორული შეზღუდვები რუსეთის საბანკო სექტორს, ენერგეტიკას, ტექნოლოგიებსა და საგარეო ვაჭრობას მოიცავს.
თუ ასეთი მასშტაბის სანქციებიც პოლიტიკური მოლაპარაკებებისა და სახელმწიფოთა შორის ორმხრივი გარიგებების საგნად იქცევა, ეს ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის ეფექტიანობასა და თანმიმდევრულობას გაცილებით უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენებს.
ამ თვალსაზრისით, 22 სექტემბრის გადაწყვეტილება მხოლოდ ორი ცნობილი რუსი ბიზნესმენის სანქციებიდან ამოღებას არ ეხება. ის აჩენს უფრო ფართო კითხვასაც — რამდენად სტაბილური და პროგნოზირებადი იქნება ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა მომავალში, როდესაც მის წევრ სახელმწიფოებს განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები აქვთ.








