“ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა”

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით დასკვნაზე საუბრით დაიწყო.

მთავრობის მეთაურმა ეს ისტორიული მიღწევა ყველას კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოს ხელისუფლების მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა.

„დღეს ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა – ევროპა ხმამაღლა ცნობს ჩვენს წარმატებებს და ფართოდ გვიხსნის საზღვრებს. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლიდან, საქართველომ აირჩია განვითარების არსებითად ახალი გეზი – თანამედროვე ევროპული ტიპის, კანონის უზენაესობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, მშვიდობის, ადამიანის უფლებათა დაცულობის, ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობების ქვეყნის შენება.

„ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს თბილისის საკრებულოში წარადგენს.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციიის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი ადამიანია”
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას სპეციალურად გამოყვანილ ნაძვის ხეებს სთავაზობს