შვედეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს მოუწოდებენ, უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივები უფრო ფართოდ გამოიყენოს.
ერთობლივი წერილის ადრესატები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის — ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰელენ მაკენტი არიან.
მინისტრების განცხადებით, რუსეთის დაუნდობელი თავდასხმების ფონზე ომის ფასი ყოველდღიურად იზრდება, ხოლო აგრესიის შედეგები სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე.
„უკრაინას მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, პროგნოზირებადი და სტრუქტურირებული ფინანსური დახმარების მიწოდება. გვჯერა, რომ ახლა დროა დავუბრუნდეთ საკითხს, უფრო მეტად როგორ შეგვიძლია გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ“, — ნათქვამია მიმართვაში.
დიპლომატები იხსენებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსული აქტივები მანამ უნდა დარჩეს გაყინული, სანამ მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას და ნებაყოფლობით არ გადაუხდის უკრაინას კომპენსაციას.
„ამ აქტივების გამოყენებით ევროკავშირს შეუძლია უზრუნველყოს, რომ რუსეთი დაყოვნების გარეშე გადაიხდის უკრაინაში გამოწვეული განადგურებისთვის, და ამავდროულად ჩვენი გადასახადების გადამხდელებს შეუმცირებს ტვირთს. ეს არ არის მხოლოდ უკრაინისადმი მხარდაჭერის ინსტრუმენტი, არამედ ძლიერი ბერკეტია რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად“, — აღნიშნულია წერილში.
განცხადებას ხელს აწერენ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენეგარდი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ტომ ბერენდსენი და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარეს ბუენო.
















