ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ არის თანახმა, პალესტინელების დახმარება შეჩერდეს

ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ არის თანახმა, პალესტინელების დახმარება შეჩერდეს. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკომისია არ შეაჩერებს მიმდინარე დაფინანსებას, რადგან ეს დააზიანებს ევროკავშირის ინტერესებს რეგიონში და უფრო მეტად გაათამამებს ტერორისტებს.

ეს განმარტება ბორელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი 691 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას დროებით აჩერებს.

როგორც გავლენიანი გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროკომისიაში პალესტინის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობს. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა განაცხადა, რომ „ღაზის სექტორში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ისინიც არიან „ჰამასის“ მძევლები“.

პალესტინლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების წინააღმდეგ გამოვიდა ესპანეთი და ირლანდიაც.

ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე პალესტინილებისთვის ფინანსური დახმარების გაცემის წესი გადახედვას დაექვემდებარება. როგორც კომისიაში ამბობენ, ამის მიზანი არის დამცავი ზომების გაძლიერება, რომ „ევროკავშირის დაფინანსება ირიბად არ დაეხმაროს არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას ისრაელზე თავდასხმაში“.

ამასთან, ბრიუსელში ამბობენ, რომ პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაადასტურა ანტიკრიზისული მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა.

„ჩვენ ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმას. ამასთან, აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სიმართლის დაცვა. ევროკავშირი გააგრძელებს იმ პალესტინელების ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელთაც ის სჭირდებათ, ვიდრე ეს აუცილებლობა დგას“, – წერს ევროკომისარი.

banner
წინა სტატიაშიაქუბარდია – „ნაცმოძრაობას“ რაც სჭირს, იმ არაფორმალური მმართველობის ბრალია, რამაც საბოლოო ჯამში პარტიის დასუსტება და ორმეფობა გამოიწვია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით Product Community-ის ღონისძიება გაიმართა