2030 წლიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედ კაფეებში, რესტორნებსა და სასტუმროებში სოუსების, კარაქის, ნაღებისა და სხვა პროდუქტების პატარა, ერთჯერადი პორციული შეფუთვების გამოყენება იკრძალება. ახალი რეგულაციის მიზანი ნარჩენების მზარდი რაოდენობის შეჩერება და ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების შემცირებაა.
euro-pulse.ru-ს ინფორმაციით, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამგვარი პაკეტების გადამუშავება განსაკუთრებით რთულია, ვინაიდან ისინი სხვადასხვა ტიპის პლასტიკისგან მზადდება და გამოყენების შემდეგ, როგორც წესი, პირდაპირ შერეულ ნარჩენებში ხვდება. თუმცა, წესებიდან გამონაკლისი დაშვებულია საავადმყოფოებისა და მოხუცთა სახლებისთვის, სადაც პორციული შეფუთვები ჰიგიენური ნორმების გამო აუცილებელია. შეზღუდვა დროებით არ შეეხება ე.წ. „თეიქევეი“ (თან წასაღებ) საკვებსა და ყავას.
გარემოსდაცვითი სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის ევროკავშირში პლასტიკის ნახევარზე მეტი უნდა გადამუშავდეს, ხოლო ყველა პლასტიკური შეფუთვა ან მარტივად გადამუშავებადი, ან მრავალჯერადი გამოყენებისთვის შესაფერისი უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ერთჯერადი პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლა 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც პირველ ეტაპზე ერთჯერადი დანა-ჩანგალი, საწრუპები, თეფშები და ყავის მოსარევი ჩხირები აკრძალა.


















