,,ევროკავშირის გარდა ჩვენს მოქალაქეებს საშუალება უნდა მიეცეთ ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში”

ევროკავშირის გარდა ჩვენს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, უნდა მიეცეთ საშუალება ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებში , – ამის შესახებ დღეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვედრისთვის.
მადლობა გადაუხადა ასევე ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს. პრემიერ-მინისტრის განაცხადებით, უწმინდესის ჩართულობა სახელმწიფოებრივ საქმეებში უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა.
“თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ჩართულობა სახელმწიფო საქმეებში არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის. კარგად მახსოვს გასულ წელს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ეს მეტად მნიშვნელოვანი და ისტორიული თარიღი – 27 ივნისი. მაშინ ქართველმა ხალხმა მოისმინა თქვენი დალოცვა, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში.
“ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ იმოგზაურონ ევროპაში უვიზოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მიღწევების. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე ვმოგზაურობდეთ და გავაკეთოთ კარგი საქმეები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი მომავალი თაობებისათვის.
რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას, რომ ჩვენ, ჩვენი მდიდარი კულტურით, ფასეულობით უნდა გავხდეთ ევროპის სტრუქტურების წევრი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს, რომელიც ქვეყნის გულშემატკივარია. ასევე პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, მთავრობის, სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს აღიარება არის ისტორიული მნიშვნელობის და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
“ევროკავშირის გარდა ჩვენს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებში, ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს. მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უწმინდესს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის და დალოცვისთვის. მადლობა ბატონო ელჩო”, – განაცხადა შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად წმინდა ნინოს ჯვარი გადაცა.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციელს – ასი როზგი ასი ქულის ნაცვლად!
შემდეგი სტატიარატომ არ დამონტაჟდა გარეუბნებში საახალწლო განათებება?!-მერი კომენტარს არ აკეთებს