ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოუთმენლად ველოდებით, პროპაგანდა მიდის, რომ საქართველო თუ მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება, ეს ყველაფერი ვიღაცას გადააბრალონ – გოცირიძე

ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოუთმენლად ველოდებით. რისი გაკეთებაც შეეძლო ყველა პარტიას, გააკეთა, მათ შორის ვაჩვენეთ ოპოზიციური ერთიანობა და ევროკავშირში წერილი გავაგზავნეთ, რომ საქართველო არ უნდა დაიჩაგროს ცუდი მთავრობის გამო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ საქართველო თუ მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება, ეს ყველაფერი ვიღაცას გადაბრალდეს.

„ვინც საქმეს აფუჭებს, ეს არის საქართველოს მთავრობა. თუნდაც, იგივე ნიკა გვარამიას დაკავების სახით. პროპაგანდა მიდის, რომ საქართველო თუ მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება, ეს ყველაფერი ვიღაცას გადააბრალონ. ამ გადაბრალების სამარცხვინო ფორმას იღებს და რომელმა სულელმა დაუწერა ლოზუნგი, ოპოზიციას არ უნდა სტატუსი და უნდა ომიო, ამას ვინ იჯერებს, მოსახლეობა ბრიყვი ჰგონია? ძალიან უზნეო და ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მიდის იმის ნაცვლად, რომ საქმეს აკეთებდნენ. საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას იმსახურებს, საქართველო რომ მოლდოვას ჩამორჩება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. მოლდოვიდან ოლიგარქი გააგდეს, ქვეყანას აღარ მართავს, რუსეთის მომხრე პრეზიდენტი დაიჭირეს და ციხეში ზის კორუფციის გამო. პროევროპული პრეზიდენტი და პარლამენტი აირჩიეს, დამოუკიდებელი არჩევნები ჩატარდა და მოსამართლეების მიმართ არ არის პრეტენზიები, ასევე არ ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები. თუ ამ ორ ქვეყანას ჩამოვრჩებით, ფაქტობრივად, ათწლეული გარიყული ვიქნებით. ამიტომ, ევროკავშირმა ეს უნდა გაითვალისწინოს – კანდიდატობა არის ერთი და გაწევრიანების პროცესი არის მრავალწლიანი პროცესი. ისეთი ხელისუფლება მოვა, ვინც დემოკრატიის განვითარების გზას დაადგება და პოლიტიკურ დევნას შეწყვეტს, ისე არ უნდა შეხედონ, თითქოს ეს ხელისუფლება მარადიულია.

აუცილებელია, საქართველომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მიიღოს ეს სტატუსი. მოლდოვას საქართველო ჩამორჩება დემოკრატიის ხარისხით, მედიით თავისუფლების ინდექსით. მოდლოვაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და არავინ ჩივის, რომ უსამართლო იყო. იქ არჩევნებში მონაწილეობა ემიგრაციამ მიიღო. მოლდოვისა და საქართველოს დემოკრატიის ხარისხი ისეა, როგორც ცა და დედამიწა. იქ ოლიგარქიული მმართველობა მორჩა, გააგდეს იქიდან, ჩვენი ოლიგარქი ჭორვილაში ზის და ამ ქვეყანას მართავს, არ არის განსხვავება?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან კარგი შეხვედრა მქონდა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევისთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის არსებულ თანამშრომლობას