ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებში კორუფციისა და ოლიგარქიის რისკების შესახებ ახალი ანგარიში, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრმა მოამზადა, საქართველოს ოლიგარქიული გავლენის მიმართ მოწყვლად ქვეყნად ასახელებს.
დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ ორი მილიარდერია, მათი საერთო ქონება ქვეყნის მშპ-ის 10%-ზე მეტს შეადგენს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ამ ორი უმდიდრესი პირიდან ერთი მმართველი პოლიტიკური პარტიის სპონსორია, რაც ოლიგარქიული გავლენის რისკს ზრდის.
„საქართველოში ოლიგარქიის რისკი რეალურია – ქვეყანას ბევრი ოლიგარქი არ ჰყავს, თუმცა ორი უმდიდრესი პირის ქონება მშპ-ს 10%-ს აღემატება, მათგან ერთი კი მმართველი პარტიის სპონსორია,“ – აღნიშნულია კვლევაში.
ანგარიშში ასევე საუბარია მედიის თავისუფლების გაუარესებაზე, რაც ანალიზში ერთ-ერთ ყველაზე უარყოფით ტენდენციად არის მიჩნეული.
ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ კი „მდგომარეობა უცვლელია“ – პროგრესი არ ფიქსირდება.

















