“ამ ფოტოებში ჩანს ქართველი ხალხი. ისინი ნამდვილად ევროპელები არიან და მათი ღირსეული ადგილი ევროპაშია. მე კვლავ მაქვს იმედი, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას,“ _ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ფოტოგამოფენის „საქართველო ფოკუსში Georgia in Focus“ გახსნაზე.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იუწყება. გამოფენა ფოკუსში აქცევს საქართველოს ბოლო ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც ქართველი ფოტოგრაფების მიერ არის აღბეჭდილი. ის აერთიანებს ფოტოებს, რომლებიც შეგროვდა ევროკავშირის დელეგაციის მრავალწლიანი ინიციატივის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფარგლებში. გამოფენამ უკვე მოიარა საქართველოს რამდენიმე ქალაქი – ბრიუსელში კი თვის ბოლომდე დარჩება.
ეს გამოფენა არის პატივისცემის გამოხატვა იმ დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტების გამძლეობის, პროფესიონალიზმისა და სიმამაცის მიმართ, რომლებიც ხშირად რთულ პირობებში აგრძელებენ რეალობის აღბეჭდვას. ჟურნალისტმა გურამ როგავამ ამ გამოწვევებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სტუმრებს. დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული მომავლის ამ გადამწყვეტ ეტაპზე.















