ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ელჩები, შესაძლოა, 21-22 თებერვალს ხელახლა შეიკრიბონ, რათა 23 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე კვლავ განიხილონ შემოთავაზებული სანქციები.
ინფორმაციისთვის, სანქციების ახალი პაკეტი ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და ვაჭრობას მოიცავს.
ევროკომისიას სურს რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო მომსახურების სრული აკრძალვა, რათა შემცირდეს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები და გართულდეს მისი ნავთობის მყიდველების პოვნა.
გარდა ამისა, ევროკავშირს სურს, სიაში შეიტანოს ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 43 გემი. დამტკიცების შემთხვევაში ახალი პაკეტი კიდევ 20 რუსულ რეგიონულ ბანკს მოიცავს და მიიღებს ზომებს კრიპტოვალუტების, მათით მოვაჭრე კომპანიებისა და კრიპტოვალუტით ვაჭრობის ხელშემწყობი პლატფორმების წინააღმდეგ, რათა დაიხუროს სანქციებისთვის გვერდის ავლის გზა. ასევე, სამიზნედ მოექცევა რამდენიმე ბანკი მესამე ქვეყნებში, რომლებიც მონაწილეობენ სანქცირებული საქონლით უკანონო ვაჭრობის ხელშეწყობაში.
















