ბრიუსელი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ 1 თებერვალს სამიტზე ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ დაამტკიცეს ამ ქვეყნის მხარდაჭერის ოთხწლიანი პროგრამა 50 მილიარდი ევროს ოდენობით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ დე კროოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეიძლება სხვაგვარად იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ახალ წლამდე ევროკავშირმა უკრაინას მილიარდნახევარი ევრო გადაურიცხა, რაც 2023 წლისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პროგრამის ბოლო ტრანშია.
ოფიციალურმა პირმა ალტერნატიული პაკეტის დეტალები არ გაამჟღავნა.
თავის მხრივ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის 50 მილიარდი ევროს დახმარების პროგრამა უპრობლემოდ შეთანხმებული იქნება. ცნობისთვის,დეკემბრის შუა რიცხვებში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ამ თანხის გამოყოფა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.
დეკემბრის შუა რიცხვებშივე გაზეთმა Financial Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები განიხილავდნენ ბუდაპეშტს ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას, რათა შეთანხმდნენ კიევისთვის დახმარების ახალ პაკეტზე.
გაზეთის ცნობით, ასეთი პროცედურა შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლით, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას ჩამოერთვას ხმის უფლება ევროპული კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა დაბლოკოს ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყანამ.
1 ივლისიდან უნგრეთი ჩაანაცვლებს ბელგიას ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტზე.
ვაშინგტონმა იანვრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს კიევს მანამ, სანამ საჭირო იქნება, მაგრამ ალბათ არა 2022-2023 წლების დონეზე, რადგან უკრაინა განაახლებს სამხედრო-სამრეწველო ბაზას. ამის საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ურჩია, არ მოძებნოთ „დამატებითი თავის ტკივილი, რათა აგონიასა და დეპრესიაში ჩავარდეთ“.