ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ეს იქნება რუსეთის სასარგებლო და საქართველოს საწინააღმდეგო – მაჭარაშვილი

ჩვენ ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს და ვიმსახურებთ, სტატუსი მივიღოთ. თუ ევროკავშირის მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ეს იქნება რუსეთის სასარგებლო და საქართველოს საწინააღმდეგო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი პოლარიზაციას შეუწყობს ხელს.

„კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მონიჭება თავიდამ ბოლომდე დამოკიდებულია ევროკავშირზე. არსებობს ევროკომისიის ანგარიში, რომ ასოცირებულ ტრიოში საქართველო პირველ ადგილზეა. დღეს ვის აწყობს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს? რუსეთს აწყობს თუ არა? რა თქმა უნდა, აწყობს. ჩვენ ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს და ვიმსახურებთ, სტატუსი მივიღოთ. თუ ევროკავშირის მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ეს იქნება რუსეთის სასარგებლო და საქართველოს საწინააღმდეგო. იმედი მაქვს, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სტატუსის არმოცემა პოლარიზაციას შეუწყობს ხელს და ეს რუსეთისთვის იქნება სასარგებლო. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ არ უნდათ, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, რადგან თავად არ არიან ხელისუფლებაში და ამას არც მალავენ. როცა საუბარია, ვინ არის რუსეთის პოლიტიკის მომხრე და ვინ პროდასავლური, გასაგებია, კანდიდატის სტატუსის მიღება ვის არ აწყობს. რუსეთს არ აწყობს, არც ოპოზიციას. გამოდის, რომ საქართველოში პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი რადიკალური ოპოზიცია ყოფილა. ჩვენ ვამბობთ, რომ სტატუსი გვინდა. ანუ, ვართ პროდასავლურები. ეს არის რეალური სახე – ევროპულ ტანსაცმელს რომ ჩაიცვამ, ეს არ ნიშნავს, რომ ევროინტეგრაცია გინდა. როცა საკუთარ ქვეყანაზე იტყვი, რომ სტატუსს არ იმსახურებს, ეს არის პრორუსული პოლიტიკა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას ექნება საკუთარი გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ – საბრინა სინგი
შემდეგი სტატიაNATO-ს სამიტი ისტორიული იქნება მიღწევების, ან დაკარგული შესაძლებლობების გამო – ლანდსბერგისი