ევროკავშირი საქართველოსთვის 2 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

ევროკავშირი საქართველოში კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის 2 მილიონ ევროს გამოყოფს.

პროექტის ბენეფიციარები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ და „აღსრულების ეროვნული ბიურო“ არიან. ორწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ევროა და მას „GIZ“-ის პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ ახორციელებს.

პროექტის პრეზენტაცია 2 დეკემბერს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართება და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრება. ღონისძიების მონაწილეებს ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატარინა დერკორნი და „GIZ“-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი მარია შეფერი მიესალმებიან.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრსა და აღსრულების ბიუროს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

დღემდე იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირთან, ძირითადად, სისხლის სამართლის სფეროს რეფორმის კუთხით თანამშრომლობდა; ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი თანამშრომლობის სფერო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმებსაც მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სიცხადისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს. ცვლილებები განხორციელდება სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონკურენციის, გადახდისუუნარობის, სააღსრულებო, საკორპორაციო, შრომისა და საკუთრების სამართალი, აგრეთვე − ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიპარიზში ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში მყოფ პირთა სასამართლო პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო