ევროკავშირი – საქართველოს საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლიცია მიიღო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა

ევროკავშირი – საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პროკურატურისა და შრომის კანონმდებლობის რეფორმებს მიესალმება.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა რეზოლუციის ტექსტს კენჭი უყარა და რეკომენდაციები შეიმუშავა.

ასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას − უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გამოიყენოს ევროკავშირის დახმარება; კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ სწრაფ პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულების პროცესში.

„როგორც ეს ასახულია ევროკომისიის 1015 წლის 8 მაისის ანგარიშში, კრიტერიუმების უმრავლესობა უკვე მიღწეულია (დოკუმენტაციების უსაფრთხოება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, ორგანიზებული დანაშაული, სასამართლო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებზე, მონაცემთა დაცვა, თავისუფალი გადაადგილება; პირადობის დამადასტურებელი საბუთის გაცემის წესი)“, − ნათქვამია რეზოლუციაში.

ასოცირების კომიტეტის მონაწილე მხარეებმა აღნიშნეს, რომ „საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გაიღო, რათა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით შესრულებულიყო“. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ კომიტეტი ითვალისწინებს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხი თემატიკის ფარგლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს;

„საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გაიღო, რათა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით შესრულებულიყო, მათ შორის, გათვალისწინებულ იქნა ევროკომისიის მესამე ანგარიშში მოცემული დამატებითი რეკომენდაციები, რომლებიც, თავის მხრივ, ევროკომისიას შესაძლებლობას აძლევს, წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო
რეჟიმის დაწესებაზე; მოუთმენლად ელის ასეთ წინადადებას და სჯერა, რომ მას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა“, − ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ასოცირების კომიტეტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეასრულოს ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამერბერგის, მიერ მომზადებულ ანგარიშში − „საქართველო გარდამავალ პერიოდში“ − ასახული რეკომენდაციები. ამასთან, აღნიშნულია, რომ კომიტეტი მიესალმება პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზაციის მიზნით გადადგმულ პირველ ნაბიჯებს.

„[ჰამერბერგის] ანგარიში მოუწოდებს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ანგარიშვალდებული სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის, პროკურატურის განვითარებას. ამ მიმართულებით, როგორც პირველ ნაბიჯს, [კომიტეტი] მიესალმება უახლეს ცვლილებებს საპროკურორო სამსახურის შესახებ კანონში, პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზნით“, − აღნიშნულია ასოცირების კომიტეტის რეზოლუციაში.

კომიტეტი მიესალმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის მიღებას და მოუწოდა ევროკავშირს, საჭირო რეფორმების განხორციელების გზით „საქართველოს შემდგომი დახმარება გაუწიოს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბავშვთა უფლებები“. ამასთან, კომიტეტი დადებითად მიიჩნევს ახალი შრომის კოდექსის მიღებას.

როგორც ასოცირების კომიტეტმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს.

„ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, იმ პირობით, თუ ის დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ძირითად თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“, − ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა 3 ნოემბერს გაიმართა. სხდომის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის სახელით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: ყოველ წელს ვთავაზობთ სამხრეთ ოსეთს გაზის მიწოდებას, მაგრამ მათგან უარია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს