ევროკავშირი ორგანიზაციის კანდიდატ ქვეყნებში რეფორმებისთვის 14 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი ორგანიზაციის კანდიდატ ქვეყნებში რეფორმებისთვის 14 მილიარდ ევროს გამოყოფს. ეს თანხა 2021-2027 წლებში უნდა დაიხარჯოს.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საბოლოოდ აუნთეს მწვანე შუქი 14,2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების ინიციატივას, რომელიც ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ისლანდიის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთისა და თურქეთის სასარგებლოდ 2021-2027 წლებში დაიხარჯება“, – ნათქვამია პრესრელიზში.

როგორც ბრიუსელში აცხადებენ, ეს თანხა უნდა დაეხარჯოს კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში, რათა ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ.

„ბენეფიციარებს დახმარება გაეწევა საჭირო პოლიტიკური, ინსტიტუციონალური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში, რათა ამ ქვეყნებმა დაიცვან ევროკავშირის ღირებულებები და ეტაპობრივად მოხდეს ორგანიზაციის წესების, სტანდარტების, პოლიტიკის და პრაქტიკის დანერგვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სახელმწიფო მმართველობის რეფორმას და ეკონომიკურ განვითარებას.

როგორც ევროკავშირში აცხადებენ, ფინანსური დახმარების განაწილება კანდიდატი ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმების შედეგის გათვალისწინებით, ასევე ამ ქვეყნების საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით მოხდება, რათა დახმარება პროპოროციულად განაწილდეს და უზრუნველყოფილი იყოს ყველა ქვეყნის პროგრესი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დამტკიცებული გეგმა ახლა ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – მმართველი პარტია თავს ირცხვენს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე
შემდეგი სტატიაზარქუა სააკაშვილზე – ჩამოვა თუ არა, ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, ეს იდარდოს მისმა ამომრჩეველმა, რომელიც 15-ჯერ “ააყირავა”