ევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით

ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის განჩინებასა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. ქვეყნის და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ.

აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად. საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა საქართველოში დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო ამბიციური და ინკლუზიური რეფორმების საშუალებით. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობას წარმოადგენს. ევროკავშირი მზად არის განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში“,- აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ბიბისი“ – გიორგი გახარიამ სავარაუდოდ გააცნობიერა მთავარი პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრებასთან დაკავშირებული რისკები
შემდეგი სტატიაშვედეთის ელჩი – სრულად ვუჭერ მხარს საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი ევროკავშირის მოწოდებას სიტუაციის დეესკალაციისკენ