21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ევროკავშირი ჩინურ ჰიბრიდულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებას განიხილავს

გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებზე დამატებითი ტარიფების დაწესებისთვის ემზადება. მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ევროკომისიამ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაასრულა და ახალი რეგულაციების ასამოქმედებლად წევრი ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერას ელოდება.

მოსალოდნელი ტარიფების სამიზნე ჩინური ავტოინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, როგორებიცაა BYD, Chery და SAIC. ეს ნაბიჯი 2024 წელს ჩინეთში წარმოებულ სრულად ელექტრულ ავტომობილებზე (EV) დამცავი ტარიფების დაწესების პოლიტიკის გაგრძელებაა.

ბრიუსელში განმარტავენ, რომ საკითხი მხოლოდ ავტობაზარს არ ეხება — მთავარი გამოწვევა ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი, ევროპული მწარმოებლების კონკურენტუნარიანობა და კრიტიკულ ნედლეულზე (მათ შორის, იშვიათი მიწების მინერალებზე) დამოკიდებულების შემცირებაა. ამ ეტაპზე ევროკომისია ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, ჩინური ჰიბრიდების გაძვირება ევროპულ ბაზარზე კონკურენციასა და ფასებს მნიშვნელოვნად შეცვლის.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატები 250 წლისაა!
შემდეგი სტატიაშოთა ბურჯანაძე: ავთენტურ ხაჭაპურსა თუ ხინკალს საკუთარი ხარისხის ნიშანი უნდა მიენიჭოს