ევროკავშირი აშშ-ს წინადადებას ვაქცინებზე პატენტის მოხსნის შესახებ განიხილავს

ევროკავშირი მზად არის აშშ-ს წინადადება კოვიდ-19-ის ვაქცინებზე პატენტის გაუქმების თაობაზე განიხილოს – ევროპის კომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

“ევროკავშირი, ასევე, მზად არის განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც კრიზისის ეფექტურ გადაჭრაში დაეხმარება, ამიტომ მზად ვართ განვიხილოთ წინადადება ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე უარის თქმას როგორ დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში” – ლეიენმა თქვა. ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირის მთავარი მიზანი ვაქცინის წარმოების გაზრდაა – reuters-ი წერს.

ვაქცინაზე პატენტის მოხსნა ღარიბ ქვეყნებს დაპატენტებული ვაქცინების მსგავსი პრეპარატების წარმოების საშუალებას მისცემს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ვაქცინაზე პატენტის მოხსნას ვაქცინების წარმოებისა და მასზე წვდმის ერთ-ერთი საშუალება უწოდა და მზაობა გამოთქვა ამ საკითხზე გლობალური თანხმობის მისაღწევად მოლაპარაკებები აწარმოოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა აშშ-ს პოზიციას “კოვიდ-19-თან ბრძოლის მონუმენტური მომენტი” უწოდა. თავად ვაქცინების მწარმოებლები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან ამ იდეას, რადგანაც ეს მათთვის შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს.

გერმანიამ უარყო აშშ-ს წინადადება და განაცხადა, რომ ვაქცინის გლობალური უკმარისობა გამოწვეულია არა ვაქცინების პატენტებით, არამედ, მათი არასაკმარისი წარმოებით.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International-ი ნავალნისთვის სინდისის პატიმრის სტატუსის დაბრუნებას გეგმავს
შემდეგი სტატიავაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ საიტი შექმნა