უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე – “ოცნებაში” ევროკომისიის მძიმე ანგარიშზე პირველი კომენტარი კეთდება.
“ოცნების“ დეპუტატი , ლევან მაჭავარიანი ირწმუნება, რომ ევროკავშირი ახლა ბოლო შანტაჟის მექანიზმებს იყენებს საქართველოს მიმართ.
„ევრობიუროკრატები ვერ დარწმუნებიან იმაში, რომ ვიზის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია მოხდება და ამაში რომ ვერ დარწმუნდებიან, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს, შესაბამისად არ გადადგამენ“ – ამბობს მაჭავარიანი.
„ამ ანგარიშში ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ამ ყველაფერზე წინასწარ ვსაუბრობდით. ეს არის იმ რიტორიკის დოკუმენტში გადმოტანა, რომელიც ჩვენ ევრობიუროკრატებისგან გვესმის. ტექნიკურ ნაწილში აბსოლუტურად ყველაფერს ზედმიწევნით მივყვებით, ხოლო პოლიტიკური თემები რაც შემოდის – ორი კანონის გაუქმება, ანტი ლგბტ კანონზე და გამჭვირვალობის შესახებ კანონებზეა საუბარი, იმ ადამიანების გამოშვება, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებენ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ თავისი ფეხით შებრძანდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე მაქვს საუბარი და ა.შ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ სიახლე არაფერი არის, ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. სწორედ ეს იყო, სხვათა შორის, ბატონი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის მოტივიც 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ჩვენ ასეთი შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი გამოვაცალეთ, რაც იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. ახლა, ბოლო საშანტაჟო აქვთ დარჩენილი, ამას მიჰყვებიან, თუმცა მოლოდინი, რომ იქ პოზიციები შეჯერებული იქნება უშუალოდ ქვეყნებს შორის, პირადად მე უფრო ნაკლებად მაქვს. მგონია, რომ მაინც რაციონალურად იმოქმედებენ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ევრობიუროკრატების ქმედება რაღაც ლოგიკას არ ექვემდებარება, არამარტო საქართველოსთან, არამედ ზოგადად სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ვერ დარწმუნდებიან, რომ ვიზის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია მოხდება და შესაბამისად, ამაში რომ ვერ დარწმუნდებიან, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს შესაბამისად არ გადადგამენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ – ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.


















