ევროდეპუტატები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარს უჭერენ

2 თებერვალს ბრუსელში, ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კენჭისყრამდე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართეს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელმა ევროდეპუტატებმა, რომლებმაც კოლეგებს კენჭისყრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს.

ევროპის სახალხო პარტიის წევრის აუგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუეგრას განცხადებით, „როგორც უკვე მრავალჯერ აღინიშნა, საქართველო კარგა ხანია იმსახურებს უვიზო რეჟიმის მინიჭებას, რამეთუ ქართულმა მხარემ ყველა მოვალეობა პირნათლად შეასრულა, შესაბამისად დადგა დრო ევროკავშირმაც შეასრულოს პირობა“.
ევროპარლამენტარის, ბირგიტ სიპელის განცხადებით, „საქართველომ, ევროკომისიის განცხადების თანახმად, ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში შეძლო ყველა წინაპირობის შესრულება და მიუხედავად ამისა საქართველოს მოსახლეობა დღემდე ელოდება ვიზალიბერალიზაციას“. მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს პროცესი წარმატებით დასრულდება.

ფრანგი ევროპარლამენტარის ნატალი გრიზბეკის აზრით, „შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები, სურვილი დაუკავშირდეს ევროკავშირს და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პოლიტიკური ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ შეასრულა“. გრიზბეკმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური კლიმატი ევროპაში არასტაბილურია და სწორედ ამ ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოსთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სტრატეგიული ურთიერთობა.

მწვანეთა პარტია წარმომადგენელი ბოდილვილერო მიესალმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას და იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ბარიერების გარეშე ჩამოვიდნენ ევროკავშირში, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები ესტუმრონ საქართველოს.

ევროპის სახალხო პარტიის წევრის, იარომირ სტეტინას თანახმად, ქართველებისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის ევროპული გზა მათი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს: „მსურს ხმამაღლა განვაცხადო, რომ მე მრავალი ქართველი შემხვედრია, განსაკუთრებით ახალგაზრდა, და ძალიან მოხარული ვიყავი, როცა ვხედავდი მათ ენთუზიაზმს და ერთგულებას, რომ საქართველო ევროპას დაახლოებოდა. ისინი აღიქვამენ ევროპულ გზას, როგორც მათი იდენტობის განუყოფელ ნაწილს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს. ამ რთულ დროს პრაგმატულად უნდა მივუდგეთ და გავითვალისწინოთ ის მიზეზები, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს. გასაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში ასეთი დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, როგორც ტრანზიტული, ასევე პროდასავლური ქვეყანა რეგიონში“.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა მიხაილ ბონიმ საქართველო შეუპოვარ და ამაყ ევროპულ სახელმწიფოდ შეაფასა და უვიზო მიმოსვლას დამსახურებული უწოდა. მისი განცხადებით, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის მარათონის ერთი-ერთი უკანასკნელი ნაბიჯია. „ვიზალიბერალიზაცია ბევრ შესაძლებლობასა და უპირატესობას გაძლევთ, გამოიყენეთ ეს თქვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენ რთული გზა გამოიარეთ; ასოცირების გზაზე კიდევ ბევრი გამოწვევა გელით, მაგრამ მწამს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება მეტ ენთუზიაზმს მოგცემთ რომ ეს გზა გაიაროთ,“ – განაცხადა ბონიმ.

„ახლა ყველაზე მეტად გვესაჭიროება სტრატეგიული პარტნიორები და უნდა დავუმტკიცოთ მათ რომ ჩვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. საქართველომ დაამტკიცა ერთგულება ევროპული ფასეულობებისა და ინტეგრაციის მიმართ და საკმაოდ რთული რეფორმები გაატარა. სინამდვილეში ეს მხოლოდ ისაა, რასაც ჩვენ მათ დავპირდით, ის რასაც ისინი დიდხანს ელოდნენ,“ – განაცხადა ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრმა რუმინელმა ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად სავიზო რეჟიმის გაუქმების გადადებისა, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს ახლანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს, თუ რისთვის იბრძვიან და ევროპარლამენტს მოუწოდა საქართველოსთვის ხელშესახები ნიშნის მიცემისაკენ.
ლიტველმა ევროდეპუტატმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ისეთ საკითხებში, როგორებიცაა კორუფციასთან ბრძოლა, რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში, სასაზღვრო კონტროლისა და პასპორტების ხარისხის გაუმჯობესება და მომავალში ამ კუთხით წარმატება უსურვა. მან ეს დღე მიულოცა როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს და დასძინა, რომ ევროკავშირი დღეს იძენს პარტნიორს.
ევროპის სახალხო პარტიის უნგრელმა ევროპარლამენტარმა კინგა გალმა ევროპარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცუდადა აისახება ევროკავშირზე. „ქვეყანამ ყველა პირობა შეასრულა და არასწორი ნაბიჯი იქნებოდა მის წინააღმდეგ ხმის მიცემა,“ – აღნიშნა კინგა გალმა.
„მე მხარს ვუჭერ ვიზალიბერალიზაციას. საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ის ასევე ნატოსთან დაახლოების პროცესში იმყოფება. საქართველომ გაიარა დიდი გზა და ჩვენ შეგვიძლია მივულოცოთ ქართველ ხალხს მათი მიღწევები,“ – აღნიშნა ევროპის სახალხო პარტიის ჩეხმა წარმომადგენელმა. მიხაელა შოიდროვას განცხადებით, სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთვის იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ეს ყველაფერი ღირდა ბრძოლად და რომ ღირს რეფორმების გაგრძელება.

2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტისპლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრასაქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზომიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმისლიბერალიზაციას და დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.

banner
წინა სტატიაშისახლის ნგრევის უკვე მეორე შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა
შემდეგი სტატია(video) მუხურელი მოსწავლეები სოფელში დაკარგულ ტრაქტორზე მღერიან