“ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა ჩვენი ქვეყნის განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს” – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გუნდი

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გუნდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა, კულტურულ მემკვიდრეობას, ახალგაზრდა თაობას, სამუზეუმო სფეროსა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელია ძალადობრივი ქმედებებით ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის საყოველთაო პროგრესული მისწრაფების უგულებელყოფა.

“გვსურს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გუნდის სახელით გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

მუზეუმი თავისი არსით საზოგადოების სამსახურში მყოფი ინსტიტუციაა და ჩვენი მუზეუმიც ყოველთვის ღიაა ნებისმიერი შეხედულების მქონე დამთვალიერებლისთვის, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლით დავაფიქსიროთ ჩვენი გუნდის ერთსულოვანი პოზიცია:

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი (კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური), შექმნილი ევროპული მეაბრეშუმეობის სადგურების მაგალითზე, საქართველოში ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია, რომელიც 1887 წელს რუსეთის იმპერიის პერიოდში დაარსდა.

მუზეუმის თანამედროვე საქმიანობა ეფუძნება რუსული იმპერიული წარსულის კრიტიკულ გადააზრებას. წლების განმავლობაში მუზეუმში არაერთი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, მათ შორის 2020-2024 წლებში მუზეუმის რეაბილიტაციისა და მუზეოგრაფიის პროექტის მთავარი ხელშემწყობი იყო ფრანკოფონი მერების საერთაშორისო ასოციაცია – AIMF.

მუზეუმი, აგრეთვე, ჰორიზონტი ევროპის პროექტის “ARACNE” პარტნიორია, რომელიც ევროპული აბრეშუმის გზის კვლევასა და გადააზრებას შეეხება.

აბრეშუმის მუზეუმი ცოდნის გაზიარების აქტიურ პლატფორმად სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობების აქტიური ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.

დღეს, ქვეყანაში შექმნილი კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე, მუზეუმის გუნდი გამოხატავს სოლიდარობას თავისი კოლეგებისა და თანამოქალაქეების მიმართ. მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ძალადობრივი ქმედებებით ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის საყოველთაო პროგრესული მისწრაფების უგულებელყოფა.

ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა, კულტურულ მემკვიდრეობას, ახალგაზრდა თაობას, სამუზეუმო სფეროსა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ქართულ საზოგადოებას ვუსურვებთ აბრეშუმის სიმტკიცეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის, ევროპულ-ქართული ფასეულობების დაცვისა და პროგრესული მომავლის შენების გზაზე.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი საზოგადოებისა და პროგრესული მომავლის სამსახურშია!” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მივესალმები “ქართული ოცნების” მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი ხნის დაგვიანებით დაწესებულ სანქციებს”- მაკკოლი
შემდეგი სტატია“მივესალმები ადმინისტრაციისა და ქართველი ხალხის მუდმივ ერთგულებას დემოკრატიისადმი და ვგმობ მათ, ვინც მის ძირს უთხრის”-მიკსი