ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამწლიანი სამთავრობო სტრატეგია სახელმწიფო კომისიების სხდომაზე დაამტკიცეს

news
ავტ.: news მარტი 18, 2017 11:56

ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამწლიანი სამთავრობო სტრატეგია სახელმწიფო კომისიების სხდომაზე დაამტკიცეს

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კომისიამ დაამტკიცა საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობითა და ნატოსა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.
სხდომაზე, ასევე დამტკიცდა „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სამთავრობო სტრატეგია”.

“ცნობად მივიღეთ და მხარი დავუჭირეთ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო დოკუმენტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინფორმაციის მიწოდების კუთხით, იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.“- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ვიქტორ დოლიძის თქმით სამოქმედო გეგმას ჯერ კიდევ ერთი პროცედურა აქვს გასავლელი და ის მთავრობამაც უნდა დაამტკიცოს.

კომისიამ დღესვე მოისმინა ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გასული წლის სხდომაზე, ისე – ევროკომისიის ანგარიშში.

კომისიის შეფასებით, წარმატებით განხორციელდა ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმაც.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე წარადგინა ინფორმაცია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

news
ავტ.: news მარტი 18, 2017 11:56