ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 28, 2020 20:38

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი,  ეუთოს  მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაში ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის ელჩები, აღმასრულებელი სტრუქტურების და ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გამოსვლაში, გიგი წერეთელმა ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზე პანდემიის პირობებში, არსებულ სირთულეებზე რეგიონალური კონფლიქტების, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხეების, დემოკრატიული არჩევნებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით. მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთო-მ უნდა უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალით დაეხმაროს უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას მსოფლიოში.
„იმის გათვალისწინებით, რომ მზარდი ტრანსნაციონალური და გლობალური გამოწვევები ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ემუქრებიან, ორგანიზაციისთვის აუცილებელია რესურსები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც მას სასწრაფოდ სჭირდება ძველი თუ ახალი სირთულეების დასაძლევად”, – განაცხადა წერეთელმა.
მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ეუთო-ს სივრცეში კვლავ დიდია დაყოფა და დაპირისპირება, ცალკეული ქვეყნები კი არ ასრულებენ ვალდებულებებს და არღვევენ ფუნდამენტურ პრინციპებს.
„მთიანი ყარაბაღის გამო ომი, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გადაუდებელი აუცილებლობის მტკივნეული შეხსენებაა. ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებასთან ერთად, იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზული მოლაპარაკებების საშუალებას მოგვცემს და საბოლოო შედეგი ხანგრძლივი მშვიდობა იქნება”- განაცხადა წერეთელმა.
მისივე განცხადებით, საჭიროა ზემოქმედება ეუთო-ს რეგიონში არსებულ სხვა კონფლიქტებზეც. უკრაინასა და საქართველოში აუცილებელია მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე, შეთანხმებების შესასრულებლად და გონივრული გადაწყვეტილებებისათვის.
„ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, სრულიად მიუღებელია. 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა, სამხედრო ძალების მეშვეობით ოკუპაცია, ინტენსიური უკანონო ბორდერიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის დიისკრიმინაცია და ტერორი, რაც საფრთხეს უქმნის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ღრმა შეშფოთებას იწვევს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და დაჩქარება სეპარატისტულ რეგიონებთან, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც ქართული ტერიტორიები.“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
მოხსენებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, რუსეთის,უკრაინის, ბელორუსის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის ელჩებმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 28, 2020 20:38