ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ხვდება.
„ყველა ვხედავთ, რომ რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – არის მკვეთრად გაუარესებული პოლიტიკური ვითარება, მათ შორის, საარჩევნო თვალსაზრისით. რეალურად, არა მხოლოდ გაღრმავდა რეპრესიული კანონმდებლობა, არამედ, არჩევნებს რაც შეეხება, ფაქტობრივად, ხელისუფლება კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა, როდესაც საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს შეუზღუდა უფლება, აირჩიონ თანამდებობაზე. ვგულისხმობ ახალ კანონმდებლობას, რომელიც გასულ კვირას მიიღეს.
ცხადია, გვექნება საუბარი ამ ყველაფერზე ეუთოს დელეგაციასთან. მოგეხსენებათ, ეუთო ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა სწორედ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მათ შორის, რა თქმა უნდა, „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენება არის მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას. ასევე, ვიტყოდი, აღდგეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღეს შეჩერებულია“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


















