ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება, რომელშიც ქვეყანაში დემოკრატიის უკანდახევასა და ანტიდასავლურ კურსზეა საუბარი. დოკუმენტი ეუთოს სპეცმისიის ფარგლებში მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს ეყრდნობა.
რეზოლუციის პროექტში საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას მოუწოდებენ:
-
სასწრაფო წესით გაუქმდეს ბოლო პერიოდში მიღებული სადავო კანონები;
-
შეწყდეს ოპოზიციის დევნა და ციხეებიდან გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები;
-
შეწყდეს სამოქალაქო აქტივისტების ადმინისტრაციული წესით დაკავებები და დაჯარიმებები;
-
უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხო გარემო, რათა მათ „ანგარიშსწორების შიშის გარეშე“ შეძლონ ფუნქციონირება.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. მასში აღნიშნულია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებში მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინება და საჯარო მოხელეებზე ზეწოლა გამოიკვეთა.
ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია ჰააგაში 4-დან 8 ივლისამდე იმართება, რომლის ფარგლებშიც ჰააგის დეკლარაციისა და საქართველოს შესახებ სპეციალური რეზოლუციის ოფიციალური დამტკიცება იგეგმება.
















