ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე/ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

განცხადებაში ვალტონენი ხაზს უსვამს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობასა და ამ მისიაში ეუთოს ჩართულობას.

მინისტრი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.

გთავაზობთ სრულ განცხადებას:

“დღეს მე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესანიშნავ საქმიანობას გავეცანი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ სტაბილურობას ინარჩუნებს. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი კრისტოფ შპეტი მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ მისიასთან, რათა ამ მნიშვნელოვან ძალისხმევას მხარი დაუჭირონ.

ეუთოს თავმჯდომარის რანგში, ფინეთი მტკიცედ დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, როგორც ეს ჰელსინკის შეთანხმებაშია განსაზღვრული.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე”.

banner
წინა სტატიაშისელფი მობაილის ქსელის სიახლეები
შემდეგი სტატიარა ფასი აქვს ოძისიდან საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას, თუ სუვერენიტეტს არღვევ რუსთაველზე? – პაპუაშვილი