ეუთოდან ვერ გვეტყვიან რომელი სისტემა ჯობს, ეუთო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება პარტიებს შორის ფართო ჩართულობის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული

მართალია ვენეციის კომისია ცალსახად ვერ მიუთითებს, რომელი სისტემაა შესაბამისი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა ცალსახად აქვს მითითებული ეუთო/ოდირს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პარტიებს შორის ფართო კონსენსუსს და მთელი პოლიტიკური სპექტრის ფართო ჩართულობას,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა ე.წ.გერმანულ მოდელთან დაკავშირებით.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან ცალმხრივად გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეუთოდან ვერ გვეტყვიან კონკრეტულად რომელი სისტემა ჯობს ჩვენი ქვეყნისთვის, ეუთო მიუთითებს, რომ ცალსახად ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო ჩართულობის შესაბამისად. ცალმხრივად ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების მხრიდან, გადათქმა და შემდეგ მიღება, დაუშვებელია – ეს წერია დასკვნაში. გარდა ამისა, იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტექნიკური შეთავაზება. პროცესთან მიმართებით ეს შეთავაზება უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდნენ ოპოზიციასთან და ნებისმიერ მოდელზე შეთანხმება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ფართო კონსენსუსი პოლიტიკურ ოპოზიციასთან”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში გუშინ გახდა ცნობილი.

„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, თუკი არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას. საარჩევნო სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები განიხილონ. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღწევის შედეგად მიღებული“,-ნათქვამია დასკვნაში.

banner
წინა სტატიაშიეუთო/ოდირის დასკვნა ე.წ. გერმანულ მოდელზე
შემდეგი სტატიადოკუმენტში წერია, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ხელისუფლების გადასაწყვეტია – როგორ კითხულობს “ოცნება” ეუთო/ოდირის დასკვნას