16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ეუთო: უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს დაცული

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშში, რომელიც საქართველოში ვითარების შესახებ დღეს გამოქვეყნდა, ნახსენებია უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვის აუცილებლობა.

კერძოდ, საქართველოსთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს დაცული.

“2025 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უმაღლესი განათლების რეფორმის პროგრამა, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტების დაფინანსების ცვლილებებს და ფაკულტეტების გეოგრაფიულ გადანაწილებას. ასევე, სტუდენტებმა და აკადემიურმა პირებმა გააპროტესტეს უნივერსიტეტების გაერთიანება და ხაზი გაუსვეს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება არღვევდა უნივერსიტეტების „ავტონომიას“. 2026 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გააუქმა გაერთიანების გეგმა, მაგრამ არა ფაკულტეტების კონკრეტულ ადგილებში გადანაწილების გეგმა”, – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტში მოცემულია საქართველოში განათლების სისტემის შესახებ ინფორმაცია და მის გარშემო განვითარებული მოვლენები და რეკომენდაციებში წერია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია დაცული უნდა იყოს.

„მოსკოვის მექანიზმი“ ეუთოს 24-მა სახელმწიფომ 2026 წლის 29 იანვარს აამოქმედა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ეუთოსთვის, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით კრიტიკული მდგომარეობა იქმნება. მომხსენებელი პატრიცია გჟებიკი თბილისში თებერვალში იმყოფებოდა და შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიეუთოს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად გაატაროს “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები
შემდეგი სტატიაფერმერებმა “საქართველოს მელიორაციასთან” ხელშეკრულებები მორწყვის სეზონის დაწყებამდე უნდა გააფორმონ