6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ეუთო საერთაშორისო თანამეგობრობას რეკომენდაციას აძლევს, საქართველოსთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ჰააგას მიმართონ

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული საგანგებო ანგარიში საქართველოში დემოკრატიის „მკვეთრ უკუსვლასა“ და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე საუბრობს. დოკუმენტის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ნაწილი საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმებს ეხება — მომხსენებელი პატრიცია გჟებიკი მოუწოდებს სახელმწიფოებს, განიხილონ საქმის გადაცემა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).

2026 წლის 10 მარტს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებს აფასებს, დეტალურად აღწერს მომიტინგეების, ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში ადგილი აქვს ძალადობას, რომელმაც „ზოგიერთ შემთხვევაში წამების ზღვარს მიაღწია“.

ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში მომხსენებელი მიმართავს რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებს, რათა მათ განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).

ამის საფუძვლად დოკუმენტში დასახელებულია:

პოლიტიკური დევნის მზარდი შემთხვევები;
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური ხასიათი;
დარღვევების ჩამდენთა სრული დაუსჯელობა.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მსგავსი ქმედებები, თუ ისინი ფართომასშტაბიანი ან სისტემური თავდასხმის ნაწილია სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად კვალიფიცირდეს, რაც ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის სფეროა.

ჰააგის ტრიბუნალის გარდა, ანგარიში საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ რამდენიმე მკაცრი მექანიზმის ამოქმედებას სთავაზობს:

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ): წამების წინააღმდეგ კონვენციის (CAT) წევრ ქვეყნებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეიტანონ სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ გაეროს უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში.
უნივერსალური იურისდიქცია: სახელმწიფოებს მოუწოდებენ, საკუთარ ეროვნულ სასამართლოებში დაიწყონ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ზემდგომების გასამართლება. ეს მექანიზმი იძლევა უფლებას, პირი დაისაჯოს მძიმე დანაშაულისთვის მიუხედავად იმისა, სად მოხდა ფაქტი ან რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე.
სახელმწიფოთაშორისი დავა სტრასბურგში: ევროპული კონვენციის წევრ ქვეყნებს ურჩევენ, საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) წარადგინონ.
პროფესორი პატრიცია გჟებიკი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ანგარიშში საუბარია „მამაკაცთა ჯგუფებზე“, რომლებიც აშკარა დაუსჯელობის პირობებში ესხმიან თავს ხელისუფლების კრიტიკოსებს.

მომხსენებელი მიიჩნევს, რომ ე „რუსული კანონის“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) შესწორება შეუძლებელია და ის დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, რადგან ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს. ანალოგიური რეკომენდაცია გაიცა „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე.

ეუთოს ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. პარალელურად, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ რეკომენდაცია, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე.

„მოსკოვის მექანიზმი“ ეუთოს 23-მა სახელმწიფომ 2026 წლის 29 იანვარს აამოქმედა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ეუთოსთვის, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით კრიტიკული მდგომარეობა იქმნება. მომხსენებელი პატრიცია გჟებიკი თბილისში თებერვალში იმყოფებოდა და შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია
შემდეგი სტატიაგვარამია მოსკოვის მექანიზმზე: საკმარისია იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ გადატვირთვაზე