ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში წვრთნების ჩატარება დაგმო

ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ 21-26 სექტემბერს მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან – „კავკასია 2020“ დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ დაგმო ამ წვრთნების რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარება და მათში ამ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების მონაწილეობა.

„საქართველოს დელეგაციამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას რეგიონში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ საკითხზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციებმა.

„გამომსვლელებმა ერთხმად დაგმეს სამხედრო წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება და მოუწოდეს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში