20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

უკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის, სახელწოდებით „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

რეზოლუციის პროექტი მკაცრად აკრიტიკებს ქვეყანაში ბოლო პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს, მიღებულ კანონმდებლობას და ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტის თანახმად, ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს გამო და რამდენიმე ძირითად პრობლემას გამოყოფს:

  • საარჩევნო დარღვევები: შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ეყრდნობა ეუთო/ოდირის ანგარიშებს მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ. ასევე, ხაზს უსვამს 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოვლენილ ხმებით მანიპულირებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, „კარუსელებსა“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლას.

  • შემზღუდავი კანონმდებლობა: გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს.

  • ერთპარტიული მმართველობა: შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენებისა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის გამო, რაც არათანაბარ გარემოს ქმნის და აყალიბებს დე ფაქტო ერთპარტიულ მმართველობას.

  • თვითნებური დაკავებები: გმობს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების შევიწროებასა და დაკავებებს.

  • ევროატლანტიკური საფრთხე: ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული ბალანსის მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

რეზოლუციის პროექტით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებისგან გადამჭრელი რეფორმების გატარებას მოითხოვს:

  1. გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ;

  2. გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ აღებულ ვალდებულებებს;

  3. დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს;

  4. დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცესკო-ს დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით;

  5. უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მათ ანგარიშსწორების შიშის გარეშე იმუშაონ.

დოკუმენტში ცალკეული თავი ეთმობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ასამბლეის წევრებს. რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს მათ:

  • უარი თქვან საქართველოში ჩატარებული იმ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის მიჩნეული თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულად.

  • გააგრძელონ საქართველოს ხელისუფლებასთან ადვოკატირება დემოკრატიული ნორმების დაუყოვნებლივ აღდგენის მიზნით.

  • ყურადღებით დააკვირდნენ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას და მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვაში.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობისთვის მსჯავრდებულის დედა პროკურატურასთან აქციას მართავს, პატიმარმა შიმშილობა დაიწყო
შემდეგი სტატიარუსულმა ავიაციამ ხერსონში სკოლა და ეკლესია დაბომბა — დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი