ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

news
ავტ.: news ივლისი 3, 2016 12:57

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

თბილისში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიურ სესიაზე ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მე-2 სხდომა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტმა განაგრძო მომხსენებელის, მარიეტა ტიდეის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული დელეგაციების წევრების შესწორებების განხილვა.

შესწორებები შეეხებოდა: საემიგრაციო კრიზისს ევროპაში; რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების თემას; ჩერნობილის ტრაგედიას; გენდერული თანასწორობის საკითხებს; საფრთხეების ადრეული შეტყობინების სფეროში პოტენციალის განვითარებას; კლიმატის ცვლილებების პარიზის კონფერენციის შეთანხმების საკითხების შესრულებას; ფინანსურ დანაშაულთან, ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ოფშორული საბანკო ცენტრების მიმართ ეუთოს მონაწილე ქვეყნების მიერ მკაცრი რეგულაციების შემოღებას; საკვების უსაფრთხოებას; ტრეფიკინგს და სხვა.

კენჭისყრის საფუძველზე, რეზოლუციის პროექტიდან ამოღებული იქნა პუნქტი, ეუთოს მონაწილე ქვეყნების მიმართ სანქციების შემოღების საკითხის, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, გადახედვის დაბეჯითებითი მოწოდება იყო.

შესწორებების განხილვის შემდეგ, ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა.

32 პუნქტიან რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტმა 35 შესწორებაზე იმსჯელა, რომელთა მხოლოდ ნაწილი იქნა გათვალისწინებული.

კომიტეტის მუშაოაბაში მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენიტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა.

1-5 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“ იმართება. ხუთი დღის განმავლობაში თბილისი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი იქნება.

news
ავტ.: news ივლისი 3, 2016 12:57