ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, რუსეთის მიერ დეფაქტო აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი განიხილეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი განიხილეს.

აღნიშნული საკითხი ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით 24 ნოემბერს განიხილეს.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონის ხელმოწერის ფაქტი დაგმო. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს უგულებელყოფს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენაა მიმართული.

„ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი მოქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. საქართველოს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა უზრუნველყოს. ამასთან, მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის აგრესიული ქმედებები და უსაფრთხოების ვითარების შემდგომი დამძიმების თვიდან ასაცილებლად ქმედითი ზომები მიიღოს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები აშშ-ს, კანადის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, ისლანდია, უკრაინა და მოლდოვა მიუერთდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირისათვის ხსენებულ „შეთანხმებას“, ასევე სხვა მსგავს დოკუმენტებს, იურიდიული ძალა არ გააჩნია. აღნიშნული ე.წ. შეთანხმებები არღვევენ საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგებიან. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდა.

აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას და მის იურიდიულ ძალას არ ცნობს. აშშ-ს პოზიცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში ცნობილია: ეს რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილს და აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები, უარყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

კანადის მუდმივმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ხსენებული ე.წ. შეთანხმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭოს ერთი წლის მუშაობის ანგარიშს აცნობს