ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე, საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა კონფლიქტის თემაზე განცხადება გააკეთეს

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გაკეთდა განცხადება კონფლიქტის თემაზე, რომელიც შევა მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

”აღნიშნულ განცხადებაში ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება, განსაკუთრებით გამოყოფილია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია.
 განცხადებაში აღნიშნულია პროგრესის საჭიროება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ თემებზე, კერძოდ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბება და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება.მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყება ასევე ავრცელებს ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების განხილვა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დისკუსიების მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას, მათ შორის, ძალის არგამოყენების, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების იმ საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შესახებ, რომლებიც მიმართულია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშესაწყობად.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების ხელმისაწვდომობა.

ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს, მეტად ჩაერთოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში და მხარს ვუჭერთ ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და მათი ნდობის აღსადგენად.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღსადგენად, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოსახლეობის სასარგებლოდ. აღნიშნულ მისიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად განახორციელოს მონიტორინგი”, – ნათქვამია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება არ არის სწორი
შემდეგი სტატიაელისო კილაძე ნანა კაკაბაძის დაკითხვას მოითხოვს