ეუთო-ს ჰყავს ერთადერთი წევრი, რომელიც ორი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და ეს რუსეთია

ეუთო-ს ჰყავს ერთადერთი წევრი, რომელიც ორი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და ეს რუსეთია, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოში რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„რუსეთთან დიალოგის პარალელურად, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ წავახალისებთ გავლენების სფეროებს, არ წავახალისებთ შეზღუდვების დაწესებას ქვეყნების უფლებაზე, თავად აირჩიონ ალიანსები. ჩვენ არ წავახალისებთ პრივილეგიის მინიჭებას რომელიმე ერთი ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებზე. სიმართლე ის გახლავთ, რომ ეუთო-ში არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელიც შეიჭრა ორი მეზობლის ტერიტორიაზე და განთავსებული ჰყავს სამხედრო ძალები ამ ქვეყნების ტერიტორიაზე, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. ეს ერთადერთი სახელმწიფო არის რუსეთი“,- განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, აშშ მზადაა, გაუწოდოს ხელი რუსეთს და დაიწყოს რეალური დიალოგი. თუმცა, კარპენტერის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან ასობით ათასი ჯარისკაცის და სამხედრო ტექნიკის მობილიზაცია მოსკოვის ზრახვებთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ესკალაცია შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ განცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სანქციების დასაწესებლად. თუმცა, ეს არ არის გზა, რომელსაც ვემხრობით. ესკალაციას გვირჩევნია დიპლომატია“, – აღნიშნა ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა.

კარპენტერის თქმით, ეუთო-ში პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში პრიორიტეტული იქნება როგორც უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია, ასევე ბელარუსში არსებულ მდგომარეობა და სხვა კონფლიქტები, მათ შორის მან დაასახელა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა
შემდეგი სტატიამცხეთაში ნაძვის ხე წაიქცა