ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე მიხეილ ჯანელიძე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პოტსდამში, ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით იმართება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, არაფორმალურ შეხვედრაზე მინისტრები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ეუთო-ს ჰამბურგის მინისტერიალის მოსამზადებელ საკითხებზე მსჯელობენ.

„ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც დღეს ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას. ეს არის, როგორც დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, ასევე უმეტესწილად უსაფრთხოების საკითხები და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. დღეს ბევრი პრობლემა არის ევროპაში უსაფრთხოების კუთხით. პირველ რიგში, ჩვენთვის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა.

შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ასევე ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეუთო-ს უფრო ეფექტური ჩართულობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესსა და ასევე ნდობის აღდგენის პროცესში, რათა შემუშავებული იქნას შესაბამისი მექანიზმები ამ პროცესის ეფექტურად განხორციელებისათვის“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არაფორმალური შეხვედრის დაწყებისას.

ეუთო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში სტიქიას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიააჭარაში სტიქიას ებრძვიან – მთავრობის თავმჯდომარემ თხილნარში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს მიუსამძიმრა