“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე”, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის დირექტორმა მატეო მეკაჩი საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში წერს, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე ქვეყნდება.
“სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და გაერთიანების თავისუფლების უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის სხვა უფლებათა ფართო სპექტრს.
ნებისმიერი ახალი მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ შორის არჩევნებზე დამოუკიდებელი მოქალაქე დამკვირვებლების მიმართ, უნდა იყოს გამართლებული ადამიანის უფლებების კუთხით.
ზოგადი კანონმდებლობა, რომელიც ასახელებს ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას იღებს საზღვარგარეთიდან, როგორც უცხოური ძალების ინტერესების წარმომადგენლად, ძირს უთხრის გაერთიანების თავისუფლების უფლებას”, – წერია განცხადებაში.