EU: უზენაეს სასამართლოს ყველა მიმდინარე დანიშვნა შეჩერდება

კანონმდებლებმა ამბიციური სასამართლო რეფორმა ამ საპარლამენტო ვადაში უნდა მიიღონ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებების პაკეტში წერია.

„სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს ხელისუფლება 2017 და 2019 წლებში მიღებული სასამართლო რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:

ა) კიდევ უფრო გაზრდის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნის წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნებით კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის კრიტერიუმების მითითებით.

ბ) პარლამენტს წარუდგენს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის შესახებ კანონპროექტის პროექტს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #94949/2019 შესაბამისი დასკვნის შესაბამისად.

გ) თავს შეიკავებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან არსებული წესების შესაბამისად.

დ) მიიღებს კანონმდებლობას, რომლითაც განხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის განჩინება სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესების დადგენაზე.

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, ყველა მიმდინარე დანიშვნა შეჩერდება და განახლდება განაცხადის შეტანის პროცესი, მათ შორის ახალი კანდიდატებისთვის, ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლისთანავე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, მათ შორის დანიშვნების, შეფასებების, დაწინაურების, დისციპლინურ ზომებისა და აპელაციის საკითხი, შემუშავდება და ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს წარედგინება დასკვნისა და რეკომენდაციების მისაღებად. რეკომენდაციები სრულად უნდა შესრულდეს.

რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო გადახედვის აუცილებელი პროცედურების დაცვით, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შეასრულონ საერთო პოლიტიკური პოზიცია, რომ პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობა საჭირო იქნება შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის და ეს დანიშვნები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს, რათა დანიშვნები განხორციელდეს გამჭვირვალე, არაპარტიული გზით, დამსახურების საფუძველზე. მხარეები ვალდებულებას იღებენ განახორციელონ შემდგომი სასამართლო რეფორმა, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განსახორციელებლად მოთხოვნილი იქნება საერთაშორისო კონსულტაცია და დახმარება“, – ნათქვამია შარლ მიშელის წინადადებაში.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი: ამ ფორმით თუ იქნება დოკუმენტი, ხელმოწერა პრობლემატური იქნება
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: გახარიას პარტიის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მაღალია ალბათობა, “ოცნებამ” 43 კი არა 40%-იც ვერ აიღოს