EU უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს, საქართველოზე ევროკომისიის შეფასებას გაიმეორებს – EURACTIV

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში, სავარაუდოდ, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ, საქართველოს შემთხვევაში კი გასულ კვირას, ევროკომისიის მიღებულ შეფასებას გაიმეორებენ. ამის შესახებ გამოცემა EURACTIV მათ მიერ მოპოვებული ევროკავშირის სამიტის შეჯამების პროექტის მიხედვით წერს, რომელიც 21 ივნისით თარიღდება.

“ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას”, – სავარაუდოდ ამ განცხადებას გააკეთებენ ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს, 23 ივნისს ევროკავშირის სამიტზე შეხვედრისას, წერს მედია.

გამოცემის ცნობით, კომუნიკეს პროექტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერები გადაწყვეტენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება.

პირობების შესრულების შესახებ პროგრესის შეფასების პირველი ანგარიში მოსალოდნელია, როგორც კომისიის რეგულარული გაფართოების პაკეტის ნაწილი, მიმდინარე წლის ბოლოს იქნება.

“ქართული ოცნების” მთავრობა მზარდი საერთაშორისო კრიტიკის წინაშე დგას დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით აღქმების გამო, რაც სერიოზულად აზიანებს თბილისის ურთიერთობას ბრიუსელთან”, – წერს მედია.

გამოცემა ამბობს, რომ ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაადასტურებენ პოზიციას და განაცხადებენ, რომ “მზად არიან მიანიჭონ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც განიხილება კომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები”.

სტატიაში ნახსენებია 20 ივნისს გამართული აქციაც:

“მინიმუმ 120 000 ქართველი გამოვიდა ქუჩებში ორშაბათს (20 ივნისი) ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, მას შემდეგ რაც ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია თბილისის კანდიდატურის გადადებას”.

მათივე ცნობით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ხაზს უსვამს სამი ასპირანტი ქვეყნის მხრიდან პირობების შესრულების მოთხოვნას, ბლოკის გაფართოების სტანდარტული პირობების შესაბამისად.

“თითოეული ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ იქნება დამოკიდებული კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებაში მათ ხარისხზე, მათ შორის ევროკავშირის შესაძლებლობებზე, მიიღოს ახალი წევრები”, – ნათქვამია დასკვნების პროექტში.

ფორმულირება ვარაუდობს, რომ არ არის განზრახული უკრაინისა და მოლდოვას ერთმანეთთან დაკავშირება, როგორც ეს გაკეთდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან მიმართებაში.

EURACTIV-ს რამდენიმე დიპლომატმა განუცხადა, რომ ევროკავშირის შიდა დისკუსიებში 27 წევრ ქვეყანას შორის არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ისინი მედიას ეუბნებიან, რომ სჯერათ, კომისიის აზრი აისახება ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებაში ამ კვირის ბოლოს.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი – ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, წინასწარ უნდა ვიფიქროთ
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება